ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა სამიტის ფარგლებში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
დოკუმენტი კორეებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. ერთობლივი განცხადების სხვა დეტალები ჯერ უცნობია. კორეის ლიდერები პრესკონფერენციას უახლოეს წუთებში გამართავენ.
ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო ინსპექტორებს ბირთვული განიარაღების პროცესზე დასწრების უფლებას მისცემს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები საპასუხო ზომებს მიიღებს.
შეხვედრის დროს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნახევარკუნძული „მშვიდობის მიწად უნდა იქცეს, სადაც ბირთვული იარაღისა და საფრთხის გარეშე იცხოვრებენ“.
სამხრეთ კორეის ლიდერი, მუნ ჯე ინი ფხენიანს 18 სექტემბერს ეწვია. ცერემონიის შემდეგ მასსა და კიმ ჩენ ინს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც ლიდერებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.