ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრებად ოფიციალურად მიიწვია
ჩვენ გადავწყვიტეთ, მივიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრებად და შევთანხმდით, რომ ხელი მოვაწეროთ გაწევრიანების პროტოკოლებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.
როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, ფინეთის და შვედეთის უსაფრთხოება ალიანსისთვის პირდაპირი მნიშვნელობისაა, მათ შორის გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას.
„ჩვენ ვადასტურებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ჩვენს ერთგულებას. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრებად და შევთანხმდით, რომ ხელი მოვაწეროთ გაწევრიანების პროტოკოლებს. ალიანსში ნებისმიერი გაწევრიანების დროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთებები სათანადოდ იყოს გათვალისწინებული. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება გახდის მათ უფრო უსაფრთხოს, ნატო-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო დაცულს. ფინეთის და შვედეთის უსაფრთხოება ალიანსისთვის პირდაპირი მნიშვნელობისაა, მათ შორის გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას“, – აღნიშნულია სამიტის დეკლარაციაში.