ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერაში ერთიანია,- ასეთი სათაურით გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძესა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის ბრიუსელში გამართული შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის დროს იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ავღანეთში არსებულ მისიაში საქართველოს წვლილს გაუსვა ხაზი. ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„გასულ კვირას გამართულ სამიტზე, ალიანსის წევრმა 29 სახელმწიფომ დაადასტურა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“,- ციტირებულია გენერალური მდივნის განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს წევრობისთვის მზადყოფნაში დაეხმარება და ქვეყანაში რეფორმების გატარებას მიესალმება.

ნატო-საქართველოს არსებული პაკეტი საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმების გატარებას ითვლისწინებს. მათ შორის არის ნატო-საქართველოს გაერთიანებული საწრთვნელი ცენტრი.

„იმედი მაქვს, მომავალ წელს ნატო-საქართველოს წრთვნებში მონაწილეობას სხვა მოკავშირეებიც მიიღებენ“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ იენს სტოლტენბერგმა და მამუკა ბახტაძემ შავ ზღვაში არსებული უსაფრთხოება და საქართველოს რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტივობა განიხილეს.

„შავი ზღვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. საქართველო და ნატო აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამშრომლობას აღრმავებენ“.

ამასთან ერთად, ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის მხარდჭერაში ერთიანია.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო წარმომადგენლები გაიყვანოს“,- ციტირებს ნატო-ს ვებგვერდი იენს სტოლტენბერგის განცხადებას.