გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ადასტურებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, რომელიც ნიშნავს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი მისი ნაწილია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა ბრიფინგზე განაცხადა.
ელჩის თქმით, ტაივანი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო და „პრეზიდენტიც“ ვერ ეყოლება.
„როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, უდავოდ, ყველაზე ფუნდამენტური და საკვანძო საკითხია. ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი ქვეყანა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ყოველთვის პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთი განუხრელად იცავს გაერო-ს წესდების მიზნებსა და პრინციპებს. ამის საპირისპიროდ, დასავლეთში ზოგი სახელმწიფო ე.წ. „წესებზე დაფუძნებული წესრიგის“ აფიშირებას ახდენს, მაგრამ ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართალსა და ნორმებს, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში ორმაგ სტანდარტებს იყენებს, კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და „პროქსი ომებსაც“ კი აწარმოებს.
ტაივანის საკითხი ამის კლასიკური შემთხვევაა. 20 მაისს ჩინეთის რეგიონის, ტაივანის ლიდერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, ლაი ცინგდეს ე.წ. ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, რომელზე დასწრებაც რამდენიმე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ამასთან დაკავშირებით მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. ტაივანი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო და „პრეზიდენტიც“ ვერ ეყოლება. ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის ქვეყნებს, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ დოკუმენტების პრინციპები და სულისკვეთება, პრაქტიკული ქმედებებით აჩვენონ „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი თავიანთი ერთგულება, თავი შეიკავონ „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული ძალების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერისგან, რეალურად დაიცვან ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა. აქვე ვაფრთხილებთ დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის ხელმძღვანელობას, რომ გარე ძალებთან გარიგებით „დამოუკიდებლობის“ პროვოკაციების ყველა მცდელობა კრახით დამთავრდება. ქვეყნისა და ერის ინტერესების მოღალატეებს პასუხი ისტორიის წინაშე მოეკითხებათ“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
მისივე თქმით, ლაი ცინგდეს ე.წ. ინაუგურაციის ცერემონიის გარდა, შეერთებული შტატები არაფრად აგდებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსენსუსს.
„რამდენიმე დღის წინ გერმანიის მარშალის ფონდის მიერ გამართულ სემინარზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, მარკ ლამბერტმა უხეშად განაცხადა, რომ გაერო-ს 2758-ე რეზოლუცია „არ ადასტურებს, არ უტოლდება და არ ასახავს „ერთი ჩინეთის“ პრინციპზე საერთაშორისო კონსენსუსს; რეზოლუციას არ აქვს არანაირი გავლენა ქვეყნების სუვერენულ არჩევანზე, რომ ჰქონდეთ ტაივანთან ურთიერთობა, იგი არ გამორიცხავს ტაივანის არსებით მონაწილეობას გაერო-ს სისტემასა და სხვა მრავალმხრივ ფორუმებში, არ წარმოადგენს გაერო-ს ინსტიტუციურ პოზიციას ტაივანის საბოლოო პოლიტიკურ სტატუსზე“. ეს განცხადება თავიდან ბოლომდე ამახინჯებს ფაქტებს და თეთრს შავად ასაღებს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2 758-ე რეზოლუცია სრულად ასახავს და ადასტურებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. „ერთი ჩინეთის“ პრინციპი გარკვევით ნიშნავს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი მისი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.
ამასთან, ჭოუ ციენის თქმით, ჩინეთის განვითარების შეკავების მიზნით, ზოგი ქვეყანა, შეერთებული შტატების მეთაურობით, აგრძელებს „ტაივანის კოზირით“ პოლიტიკურ მანიპულირებას, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ამას კარგად ხედავს.
„ეს ქვეყნების უმრავლესობის კონსენსუსს ვერ აზიანებს. ამიტომ ბოლო დროს შეერთებული შტატები, ზოგიერთ მოკავშირესთან ერთად, ჩინეთის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, განსაკუთრებით ე.წ. ჭარბი წარმოების პრობლემაზე სპეკულირებას ცდილობს. ბოლო დროს ჩინეთში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში ჩინეთის „ჭარბი წარმოების“ საკითხზე აქცენტის გაკეთება დაიწყეს. მათ ჩინეთი „ჭარბი ნაწარმის“ ექსპორტსა და „არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში“ დაადანაშაულეს.
თუმცა რეალობა ისაა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ჩინური ელექტრომობილების დეფიციტია, მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება. ინდუსტრიის ამ დარგში წარმოებული პროდუქცია ძირითადად ჩინეთის შიდა ბაზარს მიეწოდება და ექსპორტზე დიდი მასშტაბით არ გადის. 2023 წელს ჩინეთმა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე 9.587 მილიონი ავტომობილი აწარმოა. აქედან 9.495 მილიონი ერთეული გაიყიდა. გაყიდვების 87.3% შიდა ბაზარზე მოდიოდა, ხოლო ექსპორტზე მხოლოდ 12.7% გავიდა. 2023 წელს ევროპაში ჩინური ელექტრომობილების საშუალო გასაყიდი ფასი 31,000 ევროს აჭარბებდა, რაც შიდა ფასზე გაცილებით მაღალია, ამიტომ „ფასების დამახინჯების“ პრობლემა რეალობას საერთოდ არ წარმოადგენს.
ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში ჩინეთის წარმატება ტექნოლოგიებში, ბაზარსა და სამრეწველო ჯაჭვებში მისი უპირატესობით არის განპირობებული. ერთი მხრივ, გლობალურ მომხმარებლებს შესაძლებლობა უჩნდებათ, ისარგებლონ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქციით; მეორე მხრივ, ჩინეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში, რაც ქვეყნების უმრავლესობისთვის მისასალმებელია. შემიძლია, მოვიყვანო ჩინური ბრენდის, BYD-ის მაგალითი, რომელმაც გასული წლის მეოთხე კვარტალში ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების გლობალურ გაყიდვებში ტესლას გადაასწრო. ჩინელ მომხმარებელს შეუძლია, 11,000დოლარად შეიძინოს BYD-ის კომპაქტური ელექტრომანქანა. ამავე ფასში ხელმისაწვდომია უფრო დიდი ზომის ჰიბრიდული ავტომობილებიც. ვფიქრობ, ასეთ ფასში ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტი ნებისმიერ ქვეყანაში უაღრესად პოპულარული იქნება. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ, რომ ელექტრომანქანების ჩინური ბრენდები ქართულ ბაზარზეც მალე შემოვიდნენ, რათა ქართველ მომხმარებლებსაც გავუზიაროთ „ჩინური სტილის მოდერნიზაციის“ მნიშვნელოვანი მიღწევები“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.