ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა შიდა გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები
უხვმა ნალექმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები გამოიწვია. მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
დაზიანდა შიდა გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხევში, ჯვარცხმაში, ერკეთში, დიდივანში, გუთურსა და ხიდისთავში წარმოიშვა მეწყერსაშიში ზონები. რამდენიმე ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები.
ხელისუფლების წარმომადგენლები, სტიქიის შემსწავლელ კომისიასთან ერთად, სოფლებში იმყოფებოდნენ და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. ამას სპეციალური კომისია დაადგენს.