ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბავშვების გაშვილება. პეკინში არ განმარტეს, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ აკრძალვა საერთაშორისო შეთანხმებების სულისკვეთებას არ ეწინააღმდეგება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პეკინი აღარ დართავს ნებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შვილად აიყვანონ ჩინელი ბავშვები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენენ სისხლით ნათესავები, რომელთაც შეუძლიათ ბავშვის შვილად აყვანა.
ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უცხოელებმა შვილად აიყვანეს დაახლოებით 150 000 ჩინელი ბავშვი. მათი უმრავლესობა შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამერიკელმა ოჯახებმა ჩინეთიდან შვილად აიყვანეს 82 674 ბავშვი.
აშშ-ში აცხადებენ, რომ ცდილობენ გაარკვიონ, როგორ აისახება ჩინეთის მიერ დაწესებული აკრძალვა ასობით ამერიკულ ოჯახზე, რომელთაც ჩინეთში ბავშვების შვილად აყვანა სურთ და მათი განცხადებები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ამერიკელ დიპლომატებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადეს, რომ „ამ განაცხადების განხილვას აღარ განაგრძობენ“.
„გვესმის, რომ ასობით ოჯახი კვლავ ელოდება შვილად აყვანის პროცესის დასრულებას და თანავუგრძნობთ მათ“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
როგორც „ბიბისი“ წერს, ჩინეთის ხელისუფლება შეშფოთებულია, რომ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობის შესანარჩუნებლად საკმარისი ბავშვი არ იბადება.
2023 წელს ახალშობილთა რაოდენობა 9,02 მილიონამდე შემცირდა, ხოლო ჩინეთის მთლიანი მოსახლეობა, ზედიზედ მეორე წელია, მცირდება. 2023 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მოსახლეობამ შეადგინა მილიარდ 409 მილიონი ადამიანი, რაც 2,08 მილიონით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო.
შობადობის კლება ჩინეთში, უკვე რამდენიმე ათწლეულია, გრძელდება. ეს პროცესი დაიწყო 1980-იან წლებში „ერთი ბავშვის პოლიტიკის“ შემოღების შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ჭარბი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს პოლიტიკა ხშირად აიძულებდა ქალებს, უარი ეთქვათ თავიანთ შვილებზე.
2015 წელს მთავრობამ, რომელიც შეშფოთებული იყო შობადობის შემცირებით, გააუქმა „ერთი ბავშვის პოლიტიკა“ და შობადობის გაზრდის სტიმულირება სცადა. 2021 წელს ჩინეთში ოჯახებს ნება დართეს, ჰყოლოდათ სამი ბავშვი.