ჩინეთში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
ჩინეთში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.
ფუძიანის პროვინციაში მდებარე სასტუმროს შენობაში ის ადამიანები იყვნენ განთავსებული, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი. ისინი საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ.
სასტუმრო 7 მარტს ჩამოინგრა. შემთხვევის დროს შენობაში 80 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ცხრამ თავის დაღწევა შეძლო, 71 კი, ნანგრევებში მოყვა. მოგვიანებით, მაშველებმა ნანგრევებიდან 42 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. საძიებო სამუშაოებზე ათასზე მეტი მაშველი იყო მობილიზებული. ჩამონგრევის მიზეზები ჯერ უცნობია.
შენობა 2013 წელს აშენდა და 2018 წელს სასტუმროდ გადაკეთდა.