ჩინეთში ბოლო ორ თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 6 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები პროდუქციის ექსპორტზე გავლენას ახდენს და ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული ღვინოა.
„მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გარკვეულ გავლენას ახდენს პროდუქციის ექსპორტზე და მათ შორის გამონაკლისი ვერ იქნება ქართული ღვინოც. წინა წელთან შედარებით 6 პროცენტიანი კლება არის ჩინეთის ბაზარზე. დანარჩენი მიმართულებით საკმაოდ დადებითი ტენდენციებია. ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია ევროპის, აშშ-ის ბაზრებზე. ჯამურად, ექსპორტიდან მიღებული თანხა 7 პროცენტით არის გაზრდილი, რაც გულისხმობს, რომ ქართული ღვინის ფასი იზრდება მსოფლიოში და რაოდენობრივი კლება არ განსაზღვრავს საერთო შემოსავლების კუთხით არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მან აღნიშნა, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, იყოს ახალი კორონავირუსი, მაგრამ არა ერთადერთი.
„ჩინეთთან ექსპორტის კლებასთან დაკავშირებით ერთი მიზეზის გამოყოფა საკმაოდ რთულია და ამ შემთხვევაში, კორონავირუსთან დაკავშირებითაც შემიძლია, იგივე გითხრათ, თუმცა ზოგადად, ცხადია, როდესაც ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული და კარანტინია დაწესებული, ამას საბაჟო რეგულაციებზე აქვს გავლენა, ასევე პორტებზე და შესაბამისად, შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი იყოს, თუმცა არა ერთადერთი“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ქართული ღვინის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია. წელს ამ მხრივ მიზნობრივი ბაზრებად ბალტიისპირეთის ქვეყნები და გერმანია არის მიჩნეული.