ჩინეთში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, ბავშვის ცუდი საქციელის გამო მშობლებს საოჯახო განათლების პროგრამების გავლა მოუწევთ
ჩინეთში მუშაობენ კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, ბავშვის ცუდი საქციელის ან დანაშაულის გამო მშობელს ან მეურვეს დასჯიან. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
საოჯახო განათლების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, მშობლები ან მეურვეები მიიღებენ საყვედურს და მოუწევთ საოჯახო განათლების პროგრამების გავლა.
ჩინეთის პარლამენტის საკანონმდებლო საკითხების კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, მოზარდების არასათანადო ქცევას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საოჯახო განათლების არარსებობაა. გარდა ამისა, საოჯახო განათლების ხელშეწყობის კანონპროექტი მოუწოდებს მშობლებს, მეტი დრო დაუთმონ შვილებს დასვენების, თამაშის და მეცადინეობის კუთხით.
კანონპროექტი მიმდინარე კვირას იქნება განხილული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთის განათლების სამინისტრომ არასრულწლოვნებს შეზღუდული სათამაშო საათები დაუწესა და მოზარდებს ონლაინ თამაშებით სარგებლობის უფლება ერთი საათით მისცა, მხოლოდ პარასკევს, შაბათს და კვირას.