ჩინეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, აქციის მონაწილეები რეკრეაციულ ზონაში კრემატორიუმის მშენებლობას აპროტესტებდნენ
ჩინეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, აქციის მონაწილეები რეკრეაციულ ზონაში კრემატორიუმის მშენებლობას აპროტესტებდნენ

ჩინეთში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გერმანული გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქცია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ჰონგკონგთან 100 კილომეტრის დაშორებით გაიმართა.

ქალაქ ველნოუში მანიფესტაციის მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა. ცოტა ხნის წინ მოსახლეობამ შეიტყო, რომ ერთ-ერთ რეკრეაციულ ზონაში ხელისუფლება კრემატორიუმის აშენებას აპირებდა. ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ასობით აქტივისტი გამოვიდა.

მშვიდობიანი მანიფესტაცია მალევე გადაიზარდა სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებაში. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. დაფიქსირდა სამართალდამცველების მხრიდან აქტივისტების ცემის ფაქტებიც. არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ცნობით, დაშავებულებს შორის არიან ქალები და მოზარდები.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა, თუმცა მალევე წაშალეს.