ბოლო 24 საათში, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირდა 119 ადამიანი, დაიღუპა 38, საავადმყოფოდან გაწერეს 2652 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 80 270-ია. ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სრული რაოდენობა 49 856 ადამიანი.
ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ხუბეის პროვინციაში დაფიქსირდა კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა, მათგან 114 ქალაქ უხანში.
ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ცნობით, საერთო ჯამში ვირუსით ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტი ჩინეთის 666 397 მოქალაქეს ჰქონდა, მათგან 36 432-ს ექიმები აკვირდებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 90 870-ია. აქედან 10 566 შემთხვევა ჩინეთის გარეთ დაფიქსირდა. ვირუსი პლანეტის 70-ზე მეტ სახელმწიფოში გავრცელდა. ჩინეთის საზღვრებს გარეთ „კოვიდ-19“-ით დაიღუპა 166 ადამიანი. ყველაზე დიდი მსხვერპლი სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია.