ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის 42 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 38 იმპორტირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
ჩინეთში ბოლო დროს „კოვიდ 19“-ის იმპორტირებული შემთხვევების დიდი ნაწილი ხეილუნძიანის პროვინციაში ვლინდება, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და რუსეთს ესაზღვრება.
ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ჩინეთში გარდაიცვალა ერთი ადამიანი. კერძოდ, გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა ხუბეის პროვინციაში, რომელიც ჩინეთში ეპიდემიის ეპიცენტრი იყო.
სულ ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 81 907 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 3 336 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 77 696 პაციენტი.