ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ვირუსით ამ დროისთვის დადასტურებულად 3 000 ადამიანია დაინფიცირებული.
ხუბეის პროვინციაში ვირუსით 76 ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი შემთხვევა კი, ჩინეთის სხვა რეგიონებში დაფიქსირდა. ამ დრომდე დაკეტილია ქალაქი უხანი, რამდენიმე ქალაქში კი მგზავრობაზე შეზღუდვებია დაწესებული.
შანხაის ხელისუფლებამ ბიზნესების საქმიანობა 10 თებერვლამდე შეაჩერა.
ახალი კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით 44 ადამიანის დაინფიცირებაა დადასტურებული, მათ შორის ტაილანდში, აშშ-ში და ავსტრალიაში, თუმცა ჩინეთის გარდა ვირუსით არცერთი ადამიანი არ დაღუპულა.
ჰონგ კონგმა, რომელსაც რვა დადასტურებული შემთხვევა აქვს, ქალაქის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სკოლები კი, 17 თებერვლამდე დაიხურა. მონღოლეთმა, სადაც ვირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, ჩინეთთან საზღვარი დახურა. მონღოლეთის მთავრობამ სკოლები 2 მარტამდე დახურა და საზოგადოებრივი ღონისძიებები აკრძალა.