ჩინეთს ტაიფუნი „ინ-ფა“ უახლოვდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი კვირას შანჰაის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს, რის გამოც პორტიდან ათობით გემის ევაკუაცია განხორციელდა. დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც, მათ შორის პარკები და მუზეუმები.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავიარეისების და სარკინიგზო ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ტაიფუნი 146 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და ჩინეთის ტერიტორიამდე მიღწევის შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერ წვიმას და წყალდიდობებს გამოიწვევს.
გასულ კვირას, ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ სულ მცირე 58 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ჰენანის პროვინციაში. რეგიონში სამაშველო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს.