„ბიბისი“ - ჩინეთმა უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც ჰონგ კონგზე დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს
ჩინეთმა უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც მას ჰონგ კონგზე დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუმდივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივა ერთხმად დაამტკიცეს.
სადავო კანონის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ის ჰონგ კონგის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, რომ კანონის ტექსტი არ გასაჯაროებულა, თუმცა მაისში მისმა ინიცირებამ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება, ხოლო ჰონგ კონგში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
ახალი კანონის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება გამოყოფისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება, ცენტრალური მთავრობის ძირგამომთხრელი საქმიანობა, ტერორიზმი ან უცხოურ და გარე ძალებთან შეთქმულება.
ამას გარდა, ჩინეთის ხელისუფლება ჰონგ კონგში გახსნის ახალ ოფისს, რომელიც იმუშავებს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებზე და ექნება გარკვეული უფლებამოსილებები, მათ შორის, ჰონგ კონგის სკოლებში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ განათლების მონიტორინგი. ასევე, ჰონგ კონგს ევალება, შექმნას ეროვნული უსაფრთხოების კომისია, რათა შეასრულოს ახალი კანონით გათვალისწინებული პირობები პეკინის მიერ დანიშნულ მრჩეველთან ერთად.