ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს ახალი სამხედრო საზღვაო მანევრები დაიწყო. როგორც პეკინში განაცხადეს, წვრთნების დროს სამხედროები ხომალდსაწინააღმდეგო და ზღვაში გემების შტურმის ოპერაციებში გაივლიან სწავლებას.
მანამდე, ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს წვრთნები კუნძულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის დროს წამოიწყო. აღნიშნული მანევრები 7 აგვისტოს დასრულდა. აღნიშნული საზღვაო სწავლება ჩინეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. წვრთნების დროს ტაივანთან ჩინური ხომალდები, ავიაგამანადგურებლები და უპილოტო საფრენი აპარატები მანევრირებდნენ.
საპასუხოდ, ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთი კუნძულზე თავდასხმის რეპეტიციაში დაადანაშაულა.
პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და კუნძულზე უცხოელი მაღალჩინოსნების ვიზიტებს ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.