„როიტერი“ - ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნა დაიწყო
ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნა დაიწყო. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ეს არის პეკინის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის, უილიამ ლაის აშშ-ში ვიზიტზე. უილიამ ლაი, რომელიც ტაივანში იანვარში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მოწინავე კანდიდატია, აშშ-დან პარასკევს დაბრუნდა.
როგორც „როიტერი“ იუწყება, ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ში „პარაგვაიში გამგზავრებამდე და პარაგვაიდან უკანა გზაზე გაჩერდა“, რა დროსაც ტაივანის თემის წარმომადგენლებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა.
ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ტაივანის გარშემო საზღვაო და საჰაერო საბრძოლო მზადყოფნის პატრულირებას ატარებს. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ კუნძულის გარშემო ჩინეთის 42 თვითმფრინავი, ასევე რვა გემი დააფიქსირა და საპასუხოდ მზადყოფნაში მოიყვანა თავისი ავიაცია და გემები. აშშ-ს, ისევე, როგორც ქვეყნების უმრავლესობას, ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, თუმცა ვაშინგტონი ტაივანის ყველაზე ძლიერი საერთაშორისო მხარდამჭერია.