ჩინეთის ზოგიერთ რაიონში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვები მკაცრდება
ჩინეთის ზოგიერთ რაიონში, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვები მკაცრდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეზღუდვები დაწესდება დედაქალაქ პეკინშიც.
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის შიდა გადაცემის 28 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 15-ით მეტია.
ვირუსის ექვსი შემთხვევა პეკინში გამოვლინდა, ამიტომ პეკინიდან რამდენიმე მიმართულებით შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 96 665 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 636 ადამიანი.