ჩინეთის თავზე ჰაერის დაბინძურების დონე საგრძნობლად შემცირდა — თანამგზავრული ფოტოები
COVID-19-ის გავრცელებამ მთელი მსოფლიო შეაშფოთა, გამოიწვია სამოგზაურო აკრძალვები და მრავალი ქალაქის კარანტინი.
თუმცა, ახალმა კორონავირუსმა გარემოში კიდევ ერთი მოულოდნელი ეფექტი გამოიწვია — საგრძნობლად შემცირდა აზოტის დიოქსიდის გამოყოფა მთელი ჩინეთის მასშტაბით.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) თანამგზავრ სენტინელ-5-ის ტროპოსფერული მონიტორინგის ინსტრუმენტის (TROPOMI) მიერ 1 იანვრიდან 25 თებერვლამდე შეგროვებულ მონაცემებში ჩანს, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული აზოტის დიოქსიდი — აირი, რომელსაც ძირითადად გამოყოფს მანქანები, თბოელექტროსადგურები და სამრეწველო ქარხნები.
ნასას გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ჰაერის ხარისხის მკვლევრის, ფეი ლის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მან ასეთ დიდი ტერიტორიაზე ნახა ამ აირის დრამატულად შემცირება კონკრეტული მიზეზის გამო.
იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში, აზოტის დიოქსიდის გამოყოფა ჩინეთში ისედაც ყოველთვის იკლებს, რადგან მთვარის ახალი წლის გამო ბევრი ბიზნესი მუშაობას დროებით აჩერებს; თუმცა, წელს შემცირება დღესასწაულის დასრულებიდან კიდევ დიდხანს გაგრძელდა.
დაბინძურების შემცირება ასევე დააფიქსირა ნასას თანამგზავრმა ავრორას ოზონის მონიტორინგის ინსტრუმენტმა (OMI).
ნასას ჰაერის ხარისხის მკვლევრის, ბარი ლეფერის განცხადებით, წელიწადის ამ დროს დაბინძურება ყოველთვის იკლებს, მაგრამ OMI-ს მონაცემების საშუალებით მათ შეუძლიათ გაარკვიონ, არის თუ არა წლევანდელი მოვლენა უჩვეულო.
ჩინეთის თავზე ჰაერის დაბინძურების შემცირება მხოლოდ თანამგზავრებმა როდი დააფიქსირეს.
როგორც ადრეული ანალიზები აჩვენებს, თბოელექტროსადგურების მიერ გამოყენებული ქვანახშირი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, შიდა ფრენები კი 70 პროცენტით არის შემცირებული. დიდი ჩავარდნაა ფოლადისა და ნავთობგადამამუშავებელ წარმოებაშიც. მკვლევართა ვარაუდით, ამის გამო, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში ოთხჯერ უნდა იყოს შემცირებული ნახშირორჟანგის გამოყოფაც.
მიუხედავად იმისა, რომ საწარმოების მიერ გამოყოფილი აზოტის დიოქსიდისა და ნახშირორჟანგის ოდენობა ჩინეთის თავზე მნიშვნელოვნად შემცირდა, ქალაქებში ჰაერი სუფთა მაინც არ არის. თებერვლის შუა პერიოდში, პეკინში ჰაერის დაბინძურების დონე მაინც 10-ჯერ აღემატებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ მაჩვენებელს.
ჩინეთის საზოგადოებრივ და გარემოს საქმეთა ინსტიტუტის დირექტორის, მა ჯუნის განცხადებით, პეკინის მიდამოებში მაინც მუშაობს ქარხნების ის რაოდენობა, რომ ჰაერი ასე დააბინძუროს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ გახლავთ ჩინეთის მიერ ჰაერის დაბინძურების დონის ასე დრამატულად შემცირების პირველი შემთხვევა. 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, ქალაქის თავზე აზოტის დიოქსიდის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ კვლავ მოიმატა თამაშების დასრულებისთანავე.
როგორც მეცნიერები შენიშნავენ, აზოტის დიოქსიდის საერთო დონე შარშანდელზე დაბალია. შარშან ჩინეთმა გარემოს დაცვის მკაცრი რეგულაციები შემოიღო.
თუმცა, როგორც ჩანს, არც ერთმა ამ რეგულაციამ აზოტის დიოქსიდის შემცირებაზე ისე არ იმოქმედა, როგორც ახალი კორონავირუსის გავრცელებამ.
მომზადებულია earthobservatory.nasa.gov-ის მიხედვით.