ჩინეთის თავდაცვის მინისტრი - ჩინელი სამხედროები არ დააყოვნებენ მოქმედებას, თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას
ჩინელი სამხედროები არ დააყოვნებენ მოქმედებას, თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას, – ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ განაცხადა.
ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ერთი ჩინეთის პრინციპი საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად ნორმად იქცა საერთაშორისო ურთიერთობებში და მისი დარღვევის ნებისმიერი ქმედება სასაცილო და საშიშია.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა კვლავ გაერთიანდება, რადგან ეს წარმოადგენს ხალხის ნებას და მსოფლიოს ზოგად ტენდენციას.
ლი შანფუმ აშშ და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ნებისმიერი „სასტიკი დაპირისპირება“ იქნება „აუტანელი კატასტროფა მსოფლიოსთვის“.
„ჩვენ მზად ვართ, ვისწრაფოდეთ მშვიდობიანი გაერთიანებისთვის უდიდესი გულწრფელობით და უდიდესი ძალისხმევით, მაგრამ არასდროს არავის დავპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე. თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას, ჩინელი სამხედროები წამითაც არ დააყოვნებენ მოქმედებას. ჩვენ არავის გვეშინია და მტკიცედ დავიცავთ ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რა ფასადაც არ უნდა დაჯდეს“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა.