ჩინეთის რაკეტის ნარჩენები ატმოსფეროში შემოვიდა და ინდოეთის ოკეანეში ჩამოცვივდა — #1tvმეცნიერება
ჩინური რაკეტის ბუსტერი დედამიწის ატმოსფეროში უკონტროლოდ შემოვიდა, რის გამოც, აშშ-ის ოფიციალური პირები პეკინს საყვედურობენ, რომ საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია არ მიაწოდეს პოტენციურად საშიში ობიექტის ჩამოვარდნის შესახებ.
„შეერთებული შტატების კოსმოსური სარდლობა ადასტურებს, რომ 30 ივლისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რაკეტა Long March 5B დედამიწის ატმოსფეროში, ინდოეთის ოკეანის თავზე შემოვიდა“, — წერს აშშ-ის კოსმოსური სარდლობა ტვიტერზე.
მოგვიანებით, WeChat-ის ოფიციალურ ანგარიშზე ჩინეთის პილოტირებულმა კოსმოსურმა სააგენტომ გამოაქვეყნა რაკეტის ნარჩენების ჩაცვენის კოორდინატები — სულუს ზღვა, ფილიპინების კუნძულ პალავანის აღმოსავლეთ სანაპიროდან 57 კილომეტრი.
„მოწყობილობის უდიდესი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას განადგურდა“, — წერს სააგენტო და გულისხმობს რაკეტის ბუსტერს, რომელიც 24 ივლისს გაუშვეს ჩინეთის კოსმოსურ სადგურ Tiangong-ზე მეორე მოდულის ასატანად.
მალაიზიის კოსმოსური სააგენტო აცხადებს, რომ დააფიქსირეს, როგორ დაიწვა რაკეტის ნარჩენები ატმოსფეროში შემოსვლისას, სულუს ზღვაში ჩაცვენამდე, კუნძულ ბორნეოს ჩრდილო-აღმოსავლეთით.
NASA-ს ადმინისტრატორო ბილ ნელსონი პეკინს ტვიტერზე აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რაკეტის შემოსვლის შესახებ დეტალების დამალვა უპასუხისმგებლო და სარისკო საქციელი იყო.
„ყველა ქვეყანა, რომელიც კოსმოსში ფრენებს ახორციელებს, უნდა მიყვებოდეს კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკას და ამ სახის ინფორმაცია მსოფლიოს წინასწარ ამცნოს, რათა საიმედო პროგნოზები გვქონდეს პოტენციური ნარჩენების რისკების შესახებ, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება Long March 5B-ის მსგავს მძიმე რაკეტებს, რომლებიც მნიშვნელოვან რისკებს წარმოადგენს სიცოცხლისა და საკუთრების განადგურების თვალსაზრისით“, — წერს ნელსონი.
მისი განცხადებით, ამის გაკეთება კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოსმოსის პასუხისმგებლობიანად გამოყენებისთვის და დედამიწაზე ადამიანთა უსაფრთხოების გარანტირებისთვის.
კოსმოსური სადგური Tiangong-ი პეკინის ამბიციური კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი საგანძურია. ჩინეთმა მავალები უკვე დასვა მარსსა და მთვარეზე, ამავე დროს, მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ადამიანი მთვარის ორბიტაზე გაიყვანა.
Long March 5B-ის მიერ წაღებული ახალი მოდული წარმატებით მიუერთდა Tiangong-ის ძირითად მოდულს; ამის შემდეგ, სამი ასტრონავტი, რომლებიც ივნისიდან ცხოვრობდნენ ძირითად განყოფილებაში, ახალ ლაბორატორიაში გადავიდა.
Tiangong-ის პირველი მოდული ჩინეთმა 2021 წლის აპრილში გაუშვა. რაკეტის გამწევის ატმოსფეროში შემოსვლა მაშინაც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა.
ატმოსფეროში შემოსვლისას, ხახუნის შედეგად ობიექტები უზარმაზარ სიცხეს გამოყოფენ, რის გამოც, იწვებიან და იშლებიან. თუმცა, ისეთი დიდი ობიექტები, როგორიც იყო Long March-5B, შეიძლება ამ პროცესში ბოლომდე არ დაიშალოს.
2020 წელს, ჩინეთის კიდევ ერთი რაკეტის ნარჩენები კოტ-დ’ივუარის ერთ-ერთ სოფელში ჩამოცვივდა, რამაც რამდენიმე შენობა დააზიანა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
კოსმოსურ პროგრამაში ჩინეთს მილიარდობით დოლარი აქვს ჩადებული, რადგან მას წამყვანი კოსმოსურ ძალაუფლებად ჩამოყალიბება სურს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.