ჩინეთის ქალაქ უხანის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გამო მასობრივი ტურიზმი აკრძალა
ჩინეთის ქალაქ უხანის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გამო მასობრივი ტურიზმი აკრძალა

ჩინეთის ქალაქ უხანის ხელისუფლებამ მასობრივი ტურიზმი აკრძალა. ამისი მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელებაა.

ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, უხანის მოქალაქეთა დიდ ჯგუფებს სხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალებათ. ინფორმაციას უხანის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.

ამავე დროს, გამკაცრდება მგზავრთა ნაკადის კონტროლიც. საგანგებო ზომები 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს. პოლიცია უკვე შეუდგა ავტოტრანსპორტის შემოწმებას. აკრძალულია ფრინველისა და შინაური ცხოველების გადაყვანა.

განსაკუთრებულადაა გაძლიერებული მოქალაქეების კონტროლი ქალაქის აეროპორტებსა და სარკინიგზო სადგურებზე.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ჩინეთის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 224 შემთხვევაა აღრიცხული.