ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ავსტრალიას ორი ახალი პანდის გაგზავნას დაჰპირდა
ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ავსტრალიას ორი ახალი პანდის გაგზავნას დაჰპირდა

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი ადელაიდის ზოოპარკში ვიზიტისას ავსტრალიას ორი ახალი პანდის გაგზავნას დაჰპირდა.

როგორც ლიმ განაცხადა, ახალი პანდები ჩაანაცვლებენ ავსტრალიის ზოოპარკში მცხოვრებ პანდებს, ვან ვანსა და ფუ ნის, რომლებიც ჩინეთში წლის ბოლოს უნდა დაბრუნდნენ.

„ჩინეთი მალე ადელაიდის პარკს გამოუგზავნის პანდების ახალ წყვილს, რომლებიც ასეთივე ლამაზები, საყვარლები და უფრო ახალგაზრდები არიან“, – განაცხადა ლიმ.

ჩინეთის პრემიერის თქმით, პანდები „ჩინეთ-ავსტრალიის ურთიერთობებში მეგობრობის მაცნეებს“ წარმოადგენენ.

პანდების, როგორც დიპლომატიური საჩუქრის, გაგზავნის პრაქტიკა ჩინეთის მიერ მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება დიპლომატიური ძალისხმევის ინსტრუმენტად.

მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინეთისგან ორ გიგანტურ პანდას ვაშინგტონის ზოოპარკიც მიიღებს.

ლი ციანი ავსტრალიაში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება, ის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჩინეთის პირველი ლიდერია, რომელიც ავსტრალიაში ჩავიდა, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მაჩვენებელია. ჩინეთიც და ავსტრალიაც განიხილავენ ამ ვიზიტს, როგორც შესაძლებლობას, გადაჭრან ორ ქვეყანას შორის არსებული მოუგვარებელი სავაჭრო და საკონსულო საკითხები.

ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავსტრალიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მოითხოვა. საპასუხოდ, ჩინეთმა ავსტრალიას გარკვეულ პროდუქციაზე, მათ შორის ღვინოზე, ტარიფები დაუწესა.