ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგისთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების ახალი კანონი დაამტკიცა
ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგისთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების ახალი კანონი დაამტკიცა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნული კანონმდებლობის თანახმად, ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე პეკინის უფლებამოსილებისთვის ძირის გამოთხრა დანაშაულად ჩაითვლება.
კანონმდებლობის მოწინააღმდეგეების ამბობენ, რომ უსაფრთხოების ახალი კანონი შესაძლოა, ჰონგ-კონგის უნიკალური სტატუსის დასასრულს ნიშნავდეს.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ თანამედროვე ისტორიაში პირველად, ჩინეთმა ჰონგ-კონგში შესაძლოა, საკუთარი უსაფრთხოების სააგენტოები შექმნას. ახალი კანონი ძალაში სავარაუდოდ აგვისტოდან შევა.
ახალი კანონით დანაშაულად ჩაითვლება: ქვეყნიდან გამოყოფა, ცენტრალური ხელისუფლების დივერსია, ტერორიზმი და ჰონგ-კონგის საქმეებში უცხო ძალების ჩარევა. ჩინეთის ეროვნული ჰიმნის შეურაცხყოფის დანაშაულად აღიარებაზე ჰონგ-კონგის პარლამენტში დებატების მიმდინარეობისას, ჰონგ-კონგში აქციები გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე ასეულობით ადამიანი დააკავეს. ბრიტანეთის კონტროლიდან, ჰონგ-კონგი ჩინეთს 1997 წელს დაუბრუნდა, თუმცა მოქმედებს ავტონომიური ადმინისტრირების შეთანხმება პრინციპით: „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა.“ აღნიშნული შეთანხმებით, ჰონგ-კონგს ჩინეთისგან ავტონომიური უფლებები 50 წლით აქვს მიღებული.