ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო — #1tvმეცნიერება
ჩინეთის მარსმავალმა იპოვა ახალი მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს თეორიას, რომლის თანახმადაც, ერთ დროს, მარსზე არსებობდა ვრცელი ოკეანე; მტკიცებულებებს შორისაა უძველესი სანაპირო ზოლი, რომელსაც ერთ დროს წყალი ეხეთქებოდა.
უკვე ათწლეულებია, მეცნიერებს შორის კამათის საგანია თეორია, რომლის მიხედვითაც, მილიარდობით წლის წინ მარსის თითქმის მესამედი ოკეანით იყო დაფარული.
2021 წელს, ჩინეთის მავალი Zhurong-ი მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, უტოპიის რეგიონში დაჯდა, სადაც უკვე შემჩნეული იყო ნიშნები უძველესი წყლის შესახებ.
მას შემდეგ, ეს მავალი წითელი პლანეტის ზედაპირს იკვლევს და ახლახან, მისიის ხელმძღვანელობამ ახალ აღმოჩენათა შესახებ კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოაქვეყნა.
კვლევის ავტორის, ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერის, ბო ვუს განცხადებით, წარმონაქმნთა მრავალფეროვნება მიუთითებს, რომ ოკეანე წარსულში Zhurong-ის დაშვების ადგილას იდგა. მათ შორის არის ჩაღრმავებული კონუსები, მრავალკუთხა ღარები და ამოკვეთილი დინებები.
წინა კვლევების თანახმად, კრატერის მსგავსი ჩაღრმავებული კონუსები შეიძლება ტალახის ვულკანების მიერ ყოფილიყო წარმოქმნილი და ისინი ხშირად ჩნდება იქ, სადაც იყო წყლის ყინული.
მავალისგან მიღებული ინფორმაცია და თანამგზავრული მონაცემების ანალიზი ასევე მიუთითებდა, რომ სანაპირო ზოლი ერთ დროს ამ ზონის სიახლოვეს იყო.
მკვლევართა ჯგუფის შეფასებით, ოკეანე დაახლოებით 3,7 მილიარდი წლის წინ უნდა წარმოქმნილიყო დატბორვის შედეგად.
ამ სცენარით, შემდეგ ოკეანე გაიყინა, სანაპირო ხაზი ამოჭრა, 3,4 მილიარდი წლის წინ კი გაქრა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა ჯგუფი გადაჭრით არ ამტკიცებს, რომ მათი აღმოჩენა საბოლოოდ ადასტურებს წარსულში მარსზე ოკეანის არსებობას. ამ დამაინტრიგებელ კითხვაზე საბოლოო პასუხს ალბათ მხოლოდ მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა და ანალიზი გაგვცემს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.