ჩინეთის მავალმა მთვარეზე აღმოჩენილ „უცნაურ კუბს“ ახლო ფოტოები გადაუღო — #1tvმეცნიერება
ჩინეთის ხომალდის მიერ მთვარეზე შემჩნეული „უცნაური კუბი“ უკვე აღარ წარმოადგენს საიდუმლოს. სინამდვილეში, ის ქვა აღმოჩნდა, რომელსაც კუბის ფორმაც კი არ აქვს.
დეკემბრის დასაწყისში, ჩინეთის მთვარემავალმა Yutu-2-მა ობიექტი აღმოაჩინა, რომელიც მთვარის ჰორიზონტზე კუბის ფორმით მოჩანდა. ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ მას „იდუმალი ქოხი“ უწოდა და იხუმრა კიდეც, რომ ის შეიძლება უცხოპლანეტელთა სახლი ან კოსმოსური ხომალდი ყოფილიყო.
სააგენტო ვარაუდობდა, რომ ის მავალისგან 80 მეტრში იყო და მასთან მიახლოებაც დაგეგმა, რასაც ორი ან სამი თვე უნდა დასჭირვებოდა.
კოსმოსური სააგენტო ახალ ბლოგპოსტში უკვე აქვეყნებს მავალის მიერ თავის სამიზნისთვის გადაღებულ ფოტოს.
მავალის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ბლოგში წერს, რომ ქვას კურდღლის ფორმა აქვს, მის წინ არსებული უფრო პატარა ქვა კი სტაფილოს წააგავს. მავალის სახელი, Yutu, ჩინურად „ნეფრიტის კურდღელს“ ნიშნავს, რაც უკვე ამ ქვასაც უწოდეს.
Yutu-2 მთვარეზე 2019 წლის იანვარში დაეშვა; მთვარის ზედაპირზე ის ხომალდმა Chang’e-4-მა ჩაიტანა და გადმოსვა. ის პირველი მისიაა, რომელიც მთვარის ე. წ. ბნელ მხარეს დაჯდა.
გასული სამი წლის განმავლობაში, Yutu-2-მა 1000 მეტრზე მეტი გაიარა; სპეციალური რადარით სწავლობს მთვარის ქანების ღრმა შრეებს და ეძებს მთვარის მანტიის, ანუ ქერქის ქვედა ფენის ქანებს, რომლებიც ზედაპირზე მილიარდობით წლის წინ მთვარეზე დაცემულ ასტეროიდთა შედეგად არის ამოტანილი.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.