ჩინეთის კოსმოსური სადგური რადარებმა შენიშნეს - ვრცელდება უკანასკნელი ფოტოები
ჩინეთის კოსმოსური სადგური რადარებმა შენიშნეს - ვრცელდება უკანასკნელი ფოტოები

უახლოეს რამდენიმე დღეში, ჩინეთის მწყობრიდან გამოსული კოსმოსური სადგური ტიანუნგ-1 დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრება და განადგურდება. ხომალდის დიდი ნაწილი აალდება და დაიწვება.

ხომალდს მონიტორინგს უწევს 13 კოსმოსური ორგანიზაცია, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელობით. მათი მთავარი მიზანია, ზუსტად განსაზღვრონ ატმოსფეროში შემოჭრის დრო და ადგილი.

მოცემული ფოტოები (შედგება ორი სხვადასხვა ფოტოსგან) წინა კვირაში გადაიღო სისტემა Tracking and Imaging Radar-მა, როცა ჩინური ხომალდი დედამიწიდან 270 კმ სიმაღლეზე იმყოფებოდა. ეს გერმანული რადარი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია მსოფლიოში. მკვლევრები დასკვნებს ძირითადად მის მიერ შეგროვებულ მონაცემებსა და ფოტოებზე დაყრდნობით აკეთებენ.


გარდა ამისა, ხომალდს ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტოები ასევე გადაუღო ბუქარესტის ლაზერებისა და პლაზმის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარმა მაქსიმილიან ტეოდერესკუმ. სურათები მაშინ არის გადაღებული, როცა ტიანუნგ-1-მა მზის წინ ჩაიარა.


ჩინური ხომალდის სიგრძე 12 მეტრია, გაშვებისას იწონიდა 8506 კილოგრამს. ჩინეთი სადგურს 2013 წლიდან აღარ იყენებს, 2016 წელს კი მასთან კონტაქტი სამუდამოდ გაწყდა.

საკუთარი პირველი კოსმოსური ლაბორატორია ტიანგუნ-1 ჩინეთმა 2011 წელს გაუშვა და წარმოადგენდა პროტოტიპს, რომელზეც ჩინეთი იმედს ამყარებდა, რომ თანდათანობით მუდმივ კოსმოსურ სადგურად იქცეოდა.


ამ მისიას ხომალდი თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ასრულებდა – ბრუნავდა დედამიწის გარშემო და წარმოადგენდა ბაზას ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის სამი მისიისთვის.

2016 წლის სექტემბერში ჩინეთმა განაცხადა, რომ სადგურზე კონტროლი დაკარგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტიანგუნ-1 უახლოეს წლებში დედამიწაზე ჩამოვარდებოდა.

კოსმოსური ლაბორატორია ამჟამად დედამიწიდან 200 კმ სიმაღლეზე მოძრაობს (იანვარში მანძილი 300 კმ-ს შეადგენდა) ორბიტაზე, საიდანაც უნდა მოსწყდეს და დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრას 31 მარტიდან 2 აპრილამდე შუალედში.


ჩამოვარდნის ზუსტი დროისა და ადგილის განსაზღვრა განსაკუთრებით რთულია, რადგან დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგალითად, ატმოსფეროს დინამიკაზე, ხომალდის დაშლის პროცესზე და ა.შ. მკვლევართა თქმით, ჩამოვარდნის ზუსტი ადგილი 6 საათით ადრე გახდება ცნობილი.

კოსმოსური ფრენების ისტორიაში, არ არსებობს შემთხვევა, რომ კოსმოსური ნაგვის ჩამოცვენისას ვინმე დაშავებულიყოს.

ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილებს შორის, საქართველოც სახელდება. მკვლევართა თქმით, საშიში არაფერია, რადგან ხომალდი ატმოსფეროში დაიწვება და იმ ქვეყნის მოსახლეობა, რომლის თავზეც ეს პროცესი მოხდება, შთამბეჭდავი ციური ფოიერვერკის მომსწრე გახდება.

მომზადებულია esa.int-ისა და Business Insider-ის მიხედვით