ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა სი ძინპინი პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით დაამტკიცა
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა სი ძინპინი პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით დაამტკიცა. პარტიის ყრილობაზე სი ძინპინმა წარადგინა პარტიის მუდმივმოქმედი კომიტეტის შვიდი წევრი.
სიტყვით გამოსვლისას, სი ძინპინმა პარტიის ყრილობას წარმატებული უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით აკვირდებოდა ყრილობის მიმდინარეობას.
ჩინეთის ლიდერის განცხადებით, ქვეყანამ მიაღწია თავის მიზანს – ზომიერ კეთილდღეობას.
„ახლა ჩვენ მტკიცედ მივიწევთ ახლა გზაზე, რომ ჩინეთი ვაქციოთ ყოველმხრივ თანამედროვე სოციალისტურ ქვეყნად“, – აღნიშნა მან.
სი ძინპინის თქმით, ჩინეთი ვერ განვითარდება მსოფლიოს გარეშე და მსოფლიოს ასევე სჭირდება ჩინეთი.
„40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეფორმებისა და ღიაობისკენ მიმართული დაუღალავი ძალისხმევის შემდეგ, ჩვენ შევქმენით ორი სასწაული – სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა”, – აღნიშნა სი ძინპინმა.
დღესვე სი ძინპინი მესამე ვადით დაინიშნა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელად.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობის მიმდინარეობისას პეკინში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრდა. ქალაქის ცენტრში ბლოკსაგუშაგოები მოეწყო.
69 წლის სი ძინპინი ჩინეთის სათავეში 2012 წლიდან დგას.