ჩინეთის ხუთ პროვინციასა და პეკინში კორონავირუსის 200-მდე შემთხვევა გამოავლინეს
ჩინეთის სახელმწიფო მედია უხანის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქების შესახებ წერს. კერძოდ, ქალაქ ნანძინის აეროპორტში 20 ივლისს დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევის შემდეგ, კორონავირუსის 200-მდე შემთხვევა ხუთ პროვინციასა და პეკინში გამოავლინეს.
11 აგვისტომდე ნანძინის აეროპორტიდან ყველა ფრენა შეჩერდა. ქალაქში დაწყებულია მასობრივი ტესტირება. დაგეგმილია ქალაქის 9,3 მილიონი მცხოვრებისთვის კორონავირუსზე ტესტის გაკეთება.
ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეპიდაფეთქება „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება. ნანძინის მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, ინფიცირებულებისგან შვიდი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამასთან, „ბიბისი“ აღნიშნავს, უცნობია, არიან თუ არა ინფიცირებული მოქალაქეები ვაქცინირებული.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეპიდაფეთქება ადრეულ სტადიაზეა და ვითარების მართვა შესაძლებელია.