ჩინეთის ხელისუფლებამ კომპანია „ალიბაბა“ რეკორდული 2.75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა
ანტიმონოპოლიური წესების დარღვევის ბრალდებით, ჩინეთის ხელისუფლებამ კომპანია „ალიბაბა“ რეკორდული 2.75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის მარეგულირებლები კომპანიას დომინანტური საბაზრო პოზიციის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. ჯარიმა „ალიბაბას“ 2019 წლის შემოსავლების ოთხ პროცენტს უტოლდება.
„ალიბაბას“ მილიარდერი დამფუძნებლის, ჯეკ მას ბიზნესის იმპერია განსაკუთრებით მწვავე ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს ჩინეთის მარეგულირებელი სისტემის მიმართ მკაცრი კრიტიკა გამოთქვა. დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ კომპანიაში ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყო.
ჩინეთის ელექტრონული კომერციის გიგანტმა განაცხადა, რომ ორშაბათს კონფერენციას გამართავს და საჯარიმო გადაწყვეტილებას განიხილავს.