ჩინეთის ხელისუფლება მოსწავლეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ავსტრალიაში სწავლის გაგრძელებისგან
ჩინეთის განათლების მინისტრმა, ჩენ ბაოშენგმა მოსწავლეებს ავსტრალიაში სწავლის დაწყებისა და გაგრძელების რისკების შეფასებისკენ მოუწოდა და მათ მეტი სიფრთხილის გამოჩენა ურჩია. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„პანდემიის დროს ავსტრალიაში აზიური წარმომავლობის პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა“, – განაცხადა ჩინეთის განათლების მინისტრმა.
მსგავსი განცხადება გააკეთა ჩინეთის ტურიზმის სამინისტრომაც, რომელმაც ჩინეთის მოქალაქეებს ავსტრალიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ურთიერთობა პანდემიის გავრცელების შემდეგ დაიძაბა.