ჩინეთის ხელისუფლება კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებს. ამიერიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომის მქონე მოქალაქეები კარანტინის გავლას, სახელმწიფო დაწესებულებების ნაცვლად, სახლებში შეძლებენ . ასეთ შემთხვევაში მოქალაქე შეეძლება, დარჩეს სახლში და ტესტის შედეგი თავად აცნობოს შესაბამის უწყებას. ამასთან, ქვეყანაში გაუქმდა პისიარტესტირების ვალდებულება საჯარო დაწესებულებებში, საავადმყოფოებისა და სკოლების გარდა.
რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მკაცრი კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
როგორც „ბიბისი“ წერს, ცენტრალიზებული კარანტინი მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან ოჯახებს ჰყოფდა და იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები კარანტინის გასავლელად სახელმწიფო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავდათ.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, წესების ცვლილება არის ძლიერი ნიშანი იმისა, რომ ჩინეთი „კოვიდის“ მიმართ ნულოვანი პოლიტიკიდან „ვირუსთან თანაცხოვრებისკენ“ ინაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის პიკია, ყოველდღიურად, საშუალოდ, „კოვიდ-19“-ის 30 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება.
ახალი წესებით, ასევე მკაცრად იკრძალება შენობებში სახანძრო გასასვლელებისა და კარების ბლოკირება. მანამდე გავრცელებული ცნობებით, ლოკდაუნის დროს მოქალაქეებს ბინებში კეტავდნენ, შენობებს კი ლუქავდნენ.
საპროტესტო გამოსვლები ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში, მრავალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა, რასაც ათი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ლოკდაუნის გამო შენობის გასასვლელები ჩაკეტილი იყო, რამაც ევაკუაციის პროცესი შეაფერხა.
ხელისუფლებამ ბრალდებები უარყო.