ჩინეთის ხელისუფლება 8 იანვრიდან ქვეყანაში ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინს გააუქმებს
ჩინეთის ხელისუფლება 8 იანვრიდან ქვეყანაში ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინს გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ ჩინეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩინეთი კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შერბილებისკენ.
ჩინეთს სამი წლის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდა საზღვარი. 8 იანვრიდან შეზღუდვები მოიხსნება მათთვის, ვისაც სამუშაო და სასწავლო ვიზები აქვთ ან ახლობლების მონახულება სურთ.
აღსანიშნავია, რომ პეკინში შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება მაშინ გამოაცხადეს, როდესაც ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდებოდა. გავრცელებული ცნობებით, კოვიდპაციენტების გაზრდილი რაოდენობის გამო საავადმყოფოები გადატვირთულია.
ჩინეთში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის რამდენი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ჯერ უცნობია, რადგან მთავრობამ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება შეწყვიტა. გასულ კვირას კოვიდინფექციის დღიური მაჩვენებელი 4 000 შემთხვევას აღწევდა.
ეპიდემიოლოგების მოსაზრებით, დაავადებულთა ტოტალური იზოლაციის პოლიტიკის გამო, ჩინეთის მოქალაქეთა უმრავლესობამ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება ვერ შეძლო. ამასთან, მასობრივი იმუნიტეტის საყოველთაო ვაქცინაციით მიღწევა ვერ მოხერხდა. აცრილთა რაოდენობა არ არის საკმარისი. ამასთან, ჩინეთმა უცხოური ვაქცინების გამოყენება არ დაუშვა, ხოლო ჩინური ვაქცინა არასაკმარისად ეფექტური აღმოჩნდა.
ახლა ჩინელი ექიმები სასწრაფო ვაქცინაციის პროგრამას ატარებენ, პირველ რიგში, ხანდაზმულებისთვის. ექიმები სახლებში მიდიან მოქალაქეებთან და აცრის ადგილზე გაკეთებას სთავაზობენ, თუმცა ჩინელთა უმეტესობა ვაქცინაციაზე უარს ამბობს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2023 წლის ბოლომდე ჩინეთში შესაძლოა, „კოვიდ-19“-ით 1-დან ორ მილიონ ადამიანამდე დაიღუპოს.