ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასზე მეტი კი ევაკუირებულია
ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში წყალდიდობის გამო 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას, ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაკარგულად ითვლება.
რეგიონის რამდენიმე დიდი მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება წყლის საშიშად მაღალ დონეს.
სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა პროვინციის დედაქალაქი გუანჯოუ, ასევე ქალაქები შაოგუანი და ჰეიუანი.
წვიმისა და წყალდიდობის გამო გუანჯოუს საერთაშორისო აეროპორტში გადაიდო და გაუქმდა ავიარესები. სულ მცირე, სამ ქალაქში კი დაიხურა სკოლები. სტიქიის შედეგად დაზიანდა ან დაინგრა ათობით სახლი. ხელისუფლება ეკონომიკურ ზარალს დაახლოებით 20 მილიონი ევროდ აფასებს.
გუანდუნის პროვინციის დიდი ნაწილი ჩინეთის სიდიდით მეორე მდინარის, ჯუძიანის დელტის დაბლობზე მდებარეობს. ამ მდინარის დელტა წარმოადგენს ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ზონას და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას.