ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა
ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში კოკისპირული წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ სულ მცირე 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ეს რეგიონში ბოლო ათასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმაა. 100 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული პროვინციის დედაქალაქ ჩჟენჩჟოუდან, სადაც სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მუშაობა შეფერხებულია, ხოლო რეზერვუარებსა და კაშხლებში წლის დონე საგანგაშო ნიშნულამდეა აწეული.

წყალდიდობის გამო დატბორილია მეტროს სადგურებიც, საიდანაც სამაშველო სამსახურებმა 500-მდე ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ადგილზე მობილიზებულია ექვსი ათასამდე სამხედრო მოსამსახურეც.

მეცნიერების თქმით, წყალდიდობები ჩინეთსა და ევროპაში, ხოლო ხანძრები ჩრდილოეთ ამერიკაში გლობალური დათბობის გამო არის გამოწვეული და მომავალში უფრო გახშირდება, ამიტომ მთავრობებმა შესაბამისი სტრატეგია უნდა შეიმუშაონ.

დატოვე კომენტარი