ჩინეთის ელჩი - უკრაინის შემთხვევაში აშშ ცეცხლზე ნავთს ასხამს, მუდმივად ხელს უწყობს კრიზისის ესკალაციას, ამას ერთვის „ცივი ომის“ დროინდელი ჰეგემონური ქმედებები
ჩინეთის ელჩი - უკრაინის შემთხვევაში აშშ ცეცხლზე ნავთს ასხამს, მუდმივად ხელს უწყობს კრიზისის ესკალაციას, ამას ერთვის „ცივი ომის“ დროინდელი ჰეგემონური ქმედებები

ადამიანებს სამართლიანობის გრძნობა ბუნებრივად აქვთ და ამიტომ ყველასთვის აშკარაა, ვინ ასხამს ცეცხლზე  ნავთს და ვინ ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელის შეწყობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განუცხადა.

„ვიცი, რომ თქვენთვის ძალიან საინტერესოა სი ძინპინის ვიზიტი რუსეთში, რომელიც მან 20-22 მარტს განახორციელა. ძინპინსა და პუტინს შორის უკრაინის კრიზისის შესახებ გულწრფელი და ყოვლისმომცველი დიალოგი გაიმართა. პრეზიდენტმა სიმ აღნიშნა, რომ ისტორიულად კონფლიქტები ყოველთვის დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით წყდებოდა. რაც უფრო რთულია სიტუაცია, მით მეტი სივრცე უნდა დარჩეს მშვიდობისთვის. რაც უფრო მწვავეა დაპირისპირება, მით მეტი ძალისხმევა უნდა დაეთმოს დიალოგს. თუ ყველა მხარე საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი უსაფრთხოების კონცეფციით იხელმძღვანელებს და დიალოგისა და მოლაპარაკებების პროცესში თანასწორობას, გონივრულობას და პრაგმატულობას შეინარჩუნებს, უკრაინაში კრიზისი გადაწყვეტის რაციონალური გზა აუცილებლად გამოინახება. შეხვედრის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს გაერო-ს წესდების მიზნებისა და პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის აუცილებლობას. პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე აღდგენის თაობაზე მზადყოფნა და მოწონებით მიიღო ჩინეთის სურვილი, აქტიური როლი ითამაშოს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარებაში“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

მისი თქმით, ჩინეთი ამ კრიზისის არც წამომწყებია და არც მასში მონაწილე მხარე. ჩინეთის ელჩის თქმით, მისი ქვეყანა კრიზისის პოლიტიკურად გადაწყვეტის ინიციატორი და სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდამჭერია.

„კრიზისის დაწყების მომენტიდანვე ჩინეთმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ იგი ყოველთვის მშვიდობის მხარეს დგას. ზოგიერთი ქვეყანა, გეოპოლიტიკური და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ესკალაციისკენ უბიძგებს და განგებ ხელს უშლის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას. ადამიანებს სამართლიანობის გრძნობა ბუნებრივად აქვთ და ამიტომ ყველასთვის აშკარაა, ვინ ასხამს ცეცხლზე  ნავთს და ვინ ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელის შეწყობას. ჩინეთს გამოკვეთილი და თანმიმდევრული პოზიცია აქვს – მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და სანქციებს, ცეცხლის შეკეთებასა და სიტუაციის განმუხტვას შორის ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, დიალოგსა და განმუხტვას. ჩვენ არ გვაქვს პირადი პოლიტიკური ინტერესი, არ ვაკეთებთ გეოპოლიტიკურ მანიპულაციებს, გულწრფელად ვემხრობით სამშვიდობო დიალოგს და ხელს ვუწყობთ ცეცხლის შეწყვეტას. ეს არის ჩინეთის, როგორც დიდი ქვეყნის პასუხისმგებლობა. ახალ ეპოქაში ჩინეთის „დიდი ქვეყნის დიპლომატია“ ასე ხედავს მწვავე საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტას“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

მისი თქმით, ჩინეთის მიდგომა შეესაბამება მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების, მათ შორის რუსეთისა და უკრაინის მოსახლეობის ინტერესებსა და მოლოდინებს.

„ალბათ მკითხავთ, ჩინეთის ამ დოკუმენტში წარმოდგენილი 12 პუნქტი ცოტა იდეალისტური ხომ არ არის და რამდენად რეალურია მათი შესრულება. ამაზე ჩემი პასუხი არის ის, რომ ცოტა ხნის წინ ჩინეთის შუამავლობით საუდის არაბეთსა და ირანს შორის პეკინში დიალოგი გაიმართა, რომლითაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გადაწყდა. სირია-საუდის არაბეთის ურთიერთობებშიც შეინიშნება პოზიტიური დინამიკა. სირიის ხელისუფლების ლიდერებმა განახორციელეს ვიზიტი საუდის არაბეთში. ასევე, ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ესტუმრება საუდის არაბეთს. ასე რომ, ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ მშვიდობისმოყვარე ქვეყნები და ხალხები წარმოადგენენ უმრავლესობას და ჯერ კიდევ არსებობს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური დიალოგის გზით გადაწყვეტის იმედი. ახლო აღმოსავლეთი საქართველოსთვის ძალიან ნაცნობი და მნიშვნელოვანი რეგიონია. დიდი ხანია, ამ რეგიონში კონფლიქტები მიმდინარეობს, რომლის მიზეზიც არის ეთნიკური, რელიგიური და ისტორიული ფაქტორები. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ კონფლიქტების გამომწვევი ყველაზე დიდი ფაქტორი არის გარე ზეგავლენა. საუდის არაბეთსა და ირანს შორის პეკინში გამართულმა დიალოგმა ამ ქვეყნებს დაანახა: საგარეო ჩარევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ, პირიქით, მოხდეს დაძაბულობის განმუხტვა. მათ დაინახეს, რომ თუ დამშვიდდებიან და რაციონალურად განიხილავენ საკითხებს, აუცილებლად გამოინახება ნებისმიერი პრობლემის მოგვარების მშვიდობიანი გზა. ახლო აღმოსავლეთის ბედი უნდა გადაწყვიტოს იქ მცხოვრებმა ხალხმა. მეორე მხრივ კი, სახეზე გვაქვს ისეთი ფაქტები, როდესაც აშშ ცეცხლზე ნავთს ასხამს და ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. მაგალითისთვის შეგვიძლია, მოვიყვანოთ ერაყის ოპერაცია, რომელიც შემდეგ საერთაშორისო დაცინვის საგანი გახდა. სირიის საკითხიც იმავე პერსპექტივაში შეგვიძლია, განვიხილოთ, თუმცა სამწუხაროა, რომ, საბოლოო ჯამში, სირიელი და ერაყელი ხალხი დაზარალდა. არა მხოლოდ სირიელმა ხალხმა იზარალა, არამედ დაწყებულმა ომმა რეგიონის მოსახლეობა სერიოზულად დააზარალა. იგივეა უკრაინის შემთხვევაში, აშშ ცეცხლზე ნავთს ასხმას, რადგან სამხედრო დახმარებით, ცალმხრივი სანქციებით და სხვა საშუალებებით მუდმივად ხელს უწყობს კრიზისის ესკალაციას. ამას თან ერთვის „ცივი ომის“ დროინდელი ჰეგემონური ქმედებები, როგორებიცაა ერთმანეთთან პირის შეკვრა, ზეწოლა, პროვოკაციები, კონფრონტაციებისკენ წაქეზება, ექსკლუზიურობა, კავშირების გაწყვეტა და ა.შ.“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.