ჩინეთის ელჩი - საქართველოს ხელსაყრელმა მდებარეობამ მრავალი ჩინური კომპანიის ყურადღება მიიპყრო, ვიმედოვნებთ, ახალი თანამშრომლობა შედგება ვაზიანის აეროპორტის პროექტზე
ჩინეთის ელჩის, ჭოი ციენის განცხადებით, საქართველოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრის მიღწევა შეუძლია.
როგორც ჭოუ ციენმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, რაც მეტ სფეროში მოხდება თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის, მით მეტი სარგებელი იქნება ორივე ქვეყნისთვის.
„ახლახან ვისაუბრეთ ინდუსტრიალიზაციაზე, ანაკლიის პორტზე. ვთქვი, რომ ანაკლიის პორტს დიდი დატვირთვა ექნება ორი ქვეყნის ურთიერთობებში და ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაში. მომავალში სხვა სფეროებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს აუცილებლად იქნება – რკინიგზა, მაგისტრალები. ასევე ჩინეთი დაინტერესებულია საქართველოს ურბანული ინფრასტრუქტურის განახლებით და გაუმჯობესებითაც. რაც მეტ სფეროში ვითანამშრომლებთ, ეს ორივე ქვეყნისთვის მეტ სარგებელს მოიტანს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა და უპირატესობა, რაც აქვს საქართველოს, არის მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ამით ბევრის მიღწევა შეუძლია“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
ჩინეთის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა რკინიგზა, მაგისტრალები.
„საქართველო გახსნილობის მაღალი ხარისხითა და კარგი ბიზნესგარემოთი ერთ-ერთი ცხელი წერტილია უცხოური ინვესტიციებისთვის. ჩინეთისთვისაც პერსპექტიულია საქართველოში ინვესტირება. საქართველოში ჯამური ინვესტიცია 800 აშშ დოლარს აღემატება. ჩინეთი უდავოდ მსოფლიოში ნომერ პირველია ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში. მას სურვილი აქვს, საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს რკინიგზის, პორტების, მაგისტრალებისა და სხვა სფეროებში, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ურბანული ინფრასტრუქტურის განახლებასა და გაუმჯობესებაში. ბევრი ჩინური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართულ მხარესთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის თაობაზეც, რაც მოსალოდნელია, რომ უფრო გაზრდის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამავდროულად, ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა არსებობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა, ელექტრონული კომერცია, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, ენერგეტიკული და ციფრული ჰაბების შექმნა, ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე და მეორადი ავტომობილები და სხვა. ჩვენ ვესალმებით და მხარს ვუჭერთ მეტი ჩინური კომპანიის საქართველოში ჩამოსვლას, ინვესტიციებს და მეტი ჩინური გამოცდილების გაზიარებას საქართველოსთან. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტიც ძალიან მნიშვნელოვანია, დიდ როლს ითამაშებს შუა დერეფნის განვითარებაში და ასევე, იგრძნობა შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნების მხარდაჭერაც ამ პროექტისადმი. იმედი მაქვს, გარდა ანაკლიის პორტისა, საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა რკინიგზა, მაგისტრალი და ასე შემდეგ“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
კითხვაზე, ექნება თუ არა ჩინურ მხარეს ვაზიანში ახალი აეროპორტის პროექტის მიმართ ინტერესი, ჭოი ციენიმ აღნიშნა:
„რა თქმა უნდა, ჩინეთის ინდუსტრიალიზაცია ისეთ დონეზეა, რომ ბევრ ქვეყანას აქვს ინტერესი მასთან თანამშრომლობის. როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მრავალი ჩინური კომპანიის ყურადღება მიიპყრო. შესაძლებლობა თუ იქნება, ვიმედოვნებთ, ორ მხარეს შორის ახალი თანამშრომლობაც შედგება ამ პროექტზე. იმედი გვაქვს, შედგება“.