ჩინეთის ელჩი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ ურთიერთობები ისტორიაში უმაღლეს დონეზე აიყვანა, ახალი ბიძგი მისცა სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობას
ჩინეთის ელჩი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ ურთიერთობები ისტორიაში უმაღლეს დონეზე აიყვანა, ახალი ბიძგი მისცა სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობას

ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და ჩინეთის საწარმოებს თანამშრომლობის გაძლიერებაში, გავუწევთ ორგანიზებას, რომ ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ ჩინეთში მნიშვნელოვან გამოფენებში, ხელს შევუწყობთ ორ მხარეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, ორმხრივი სავაჭრო სტრუქტურის განვითარებასა და ხალხის უკეთესი ცხოვრების ხარისხის დაკმაყოფილებაში, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ გასული წლის ივლისში ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს, რამაც ორ მხარეს შორის ურთიერთობები ისტორიაში უმაღლეს დონეზე აიყვანა და ახალი ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობას.

„ორი ქვეყნის მიერ „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ერთობლივი მშენებლობა მუდმივად წინ მიიწევს. ვაჭრობის მხრივ, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩინეთ-საქართველოს ვაჭრობის მოცულობა მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე 10 პროცენტზე მეტით გაიზარდა წინა წლის ანალოგოურ პერიოდთან შედარებით და ჩინეთი დაბრუნდა, როგორც საქართველოსთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი. ჩინეთის ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები, როგორიცაა, მაგალითად, „ზიქეი“, ახლახან შემოვიდა ქართულ ბაზარზე. ინვესტიციებს რაც შეეხება, ბევრი ჩინური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართულ მხარესთან ურბანული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალმა ინდუსტირულმა ზონამ წარადგინა უამრავი ახალი კოსმეტიკური, ფარმაცევტული, პლასტმასის, ხისა და სხვა გადამამუშავებელი საწარმოები. საკონტრაქტო პროექტებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული E-60-ისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის ბევრ მონაკვეთში, რომლებიც რამდენიმე ჩინური კომპანიის მიერ არის აშენებული. მრავალი მონაკვეთი უკვე გაიხსნა ტრანსპორტირებისთვის, რაც მნიშვნელოვანად აუმჯობესებს საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობებს“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

რაც შეეხება ტურიზმს, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 33 000-მდე ჩინელი ტურისტი ჩამოვიდა.

„რაოდენობა 159 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და გაიზარდა ჩინეთში ჩასული ქართველი ტურისტების რაოდენობაც. უვიზო რეჟიმი ხალხებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. სამომავლოდ, ჩვენ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ორი ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებს, გააძლიერონ კავშირები, წარადგინონ ორი ქვეყნის ტურისტებისთვის მოსაწონი უფრო მეტი ტურისტული პროდუქტი, მარშრუტი და უფრო მნიშვნელოვანი გახადონ ტურისტული გამოცდილება. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ორი ქვეყნის საწარმოებს თანამშრომლობის გაძლიერებაში. აქტიურად გავუწევთ ორგანიზებას, რომ ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ ჩინეთში მნიშვნელოვან გამოფენებში, როგორებიცაა ევრაზიის ექსპო, საერთაშორისო იმპორტის ექსპო, იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა და სხვა. ხელს შევუწყობთ ორ მხარეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, ორმხრივი სავაჭრო სტრუქტურის განვითარებასა და ხალხის უკეთესი ცხოვრების ხარისხის დაკმაყოფილებაში“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.