ჩინეთის ელჩი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტში მონაწილე კომპანია ერთ-ერთი უძლიერესია და ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები ავრცელებენ
ჩინეთის ელჩი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტში მონაწილე კომპანია ერთ-ერთი უძლიერესია და ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები ავრცელებენ

China Communications Construction Company Limited-ი არის Fortune 500-ის სიაში შემავალ კომპანიებს შორის. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი უძლიერესი სამშენებლო კომპანია მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

ჩინეთის ელჩის თქმით, „ამ ჯგუფის მიმართ სანქციები არ არსებობს“.

„თუ შეხედავთ დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ავრცელებენ ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები, ნახავთ, რატომ ვრცელდება ასეთი დეზინფორმაცია. თუ გაიხსენებთ რამდენიმე წლის წინ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირველ ტენდერს და რა მოხდა მაშინ, მიხვდებით, რატომ ვრცელდება კვლავ ასეთი დეზინფორმაცია“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

ამასთან, მისივე თქმით, „ჩინეთი ელოდება დადებით შედეგს და სჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ ერთობლივი წამოწყება, არამედ ასევე აჩვენებს საქართველოსა და ჩინეთის სინერგიის მნიშვნელობას „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისთვის და შუა დერეფნისთვის“.

„ის ასევე აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ერთმანეთის მხარდასაჭერად. ეს არ არის ჩინეთისა და საქართველოს პირველი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტი, თუმცა მე მჯერა, რომ ეს იქნება გარდამტეხი მომენტი ჩვენი თანამშრომლობისთვის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისა და შუა დერეფნის ფარგლებში“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.