ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იმყოფება
ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იმყოფება

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში მოათავსეს.

ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

როგორც საქართველოს პირველ არხს ექიმმა, მაია ხელაძემ განუცხადა, სასტუმროში მოთავსებულებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. მათ უკვე დაურიგდათ ინსტრუქცია, სამედიცინო პერსონალიც შესაბამისად არის აღჭურვილი.

მაია ხელაძის თქმით, საჩხერის საავადმყოფოს სასტუმრო სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა.

„პერიმეტრზე სტაციონარის განყოფილებაცაა და სამედიცინო დაწესებულებას საჭიროების შემთხვევაში მათი მკურნალობისთვის შესაბამისი პირობები აქვს“, – განაცხადა ხელაძემ.

გუშინ სახელმწიფოს დახმარებით, სპეცრეისით საქართველოში ჩამოიყვანეს ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდა. აეროპორტში შემოწმებისას არც ერთ პირს კორონავირუსთან დაკავშირებული საეჭვო სიმპტომები არ დაუფიქსირდა.