ჩინეთი სამხედრო ხარჯებს 7,2%-ით ზრდის, – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ლი კეციანმა განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად ქვეყნის გარედან ძლიერდება მცდელობა, რომ ჩინეთის შეკავება მოხდეს.
როგორც ლი კეციანი ამბობს, სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფილი 1,55 ტრილიონი იუანი (210 მილიარდი ევრო) ჩინეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებისა და წვრთნებისთვისაა გამიზნული.
„ეს დაფინანსება მოხმარდება სამხედროების მომზადებას საბრძოლო მოქმედებების პირობებში და სამხედრო საქმიანობის გაძლიერებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ შარშან ჩინეთმა სამხედრო ხარჯები უკვე გაზრდა 7,1%-ით და ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 200 მილიარდი ევრო შეადგინა. სამხედრო ხარჯების მოცულობით ჩინეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება აშშ-ს, რომლის სამხედრო ბიუჯეტი 751 მილიარდი ევროა. ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი არმიაზე გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე ეს ოფიციალურადაა ცნობილი.