ჩინეთი ავტომობილებისა და მასობრივი მოხმარების საგნების იმპორტზე ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირებას აპირებს, – ინფორმაციას ჩინური მედია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის ჩჟუნ შანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, ჩინეთი სამომხმარებლო საქონლის გასაღების კუთხით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს და ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას ბოლო ოთხი წლის მანძილზე სწორედ სამომხმარებლო ხარჯები განაპირობებს.
ჩინეთის მოსახლეობა 1.4 მილიარდს შეადგენს და აქედან 400 მილიონი საშუალო შემოსავლის მქონე ფენად ითვლება.
ბოლო წლებში, ეკონომიკური განვითარების წყალობით, ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ხოლო 2009 წლიდან ჩინეთი ავტომობილების გასაღების ნომერ პირველ ბაზრად გადაიქცა.
შესაბამისად, სწრაფად იზრდება ქვეყნის ავტოპარკი. მხოლოდ 2016 წელს ზრდამ 20 მილიონი ავტომობილი შეადგინა. მზარდია ავტომობილების იმპორტიც. 2017 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, ჩინეთში იმპორტირებული ავტომობილების რიცხვმა 1,102 მილიონი შეადგინა.
იმპორტზე ტარიფების შემცირების შედეგად ჩინეთის ავტობაზრის კიდევ უფრო მეტ განვითარებას ელოდებიან, რადგან მომხმარებელს ამის შედეგად უფრო ფართო არჩევანი ექნება, ხოლო ადგილობრივი ავტოინდუსტრია მეტ მოდერნიზებას მოახდენს.
თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ბაჟის შემცირება ავტობაზარზე მოკლევადიან პერსპექტივაში მაინცდამაინც დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ტრანსნაციონალური ავტომწარმოებლები ყველაზე პოპულარულ მოდელებს ისედაც ჩინეთში აწარმოებენ. ტარიფების შემცირება უახლოეს მომავალში მომგებიანი, სავარაუდოდ, ლუქსის ტიპის იმპორტირებული მოდელებისთვის იქნება.
ჩინეთში ბაჟი იმპორტირებულ ავტომობილებზე ბოლოს 2006 წელს შემცირდა და 25 პროცენტი შეადგინა.