ჩინელმა აგენტმა ავსტრალიის ხელისუფლებას საიდუმლო დოკუმენტები გადასცა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა
ჩინელმა აგენტმა ავსტრალიის ხელისუფლებას საიდუმლო დოკუმენტები გადასცა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. როგორც ავსტრალიური გამოცემები იუწყებიან, ვან უილიამ ლიციანი ფუძიანის პროვინციაში დაიბადა. ის ფინანსებისა ეკონომიკის უნივერსიტეტში სწავლობდა, როდესაც კომპანია „ჩაინა ინოვეიშენ ინვესთმენთმა“ ჰონგ კონგში სამსახური შესთავაზა.
როგორც ვან უილიამ ლიციანი ავსტრალიურ პრესასთან ყვება, 2014 წელს აღმოაჩინა, რომ ის ჩვეულებრივ კომპანიაში არ მუშაობდა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო მისი საიდუმლო საქმიანობა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჩინეთის ყოფილმა აგენტმა ავსტრალიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურს რამდენიმე კვირის წინ 17-გვერდიანი დოკუმენტი გადასცა.
დოკუმენტში ყოფილი აგენტის მუშაობის სქემა დეტალურად არის აღწერილი. მათ შორის არის საიდუმლო ოპერაციები ჰონგ კონგში, ტაივანსა და ავსტრალიაში. კერძოდ, ყოფილი აგენტი ყვება, რომ მისი საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილი ტაივანში სამხრეთ კორეის ყალბი პასპორტით შეღწევა და არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო. ამასთან ერთად, ის გარკვეული პერიოდი ჰონგ-კონგის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა და ცდილობდა დემოკრატიის მხარდამჭერ მოძრაობას წინ აღდგომოდა. გარდა ამისა, ჩინეთის ყოფილი აგენტი აცხადებს, რომ ჰონგ კონგში 2015 წელს წიგნების გამყიდველების გატაცებაში თავად იყო ჩართული. ოფიციალური პეკინი ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებში პასუხისმგებლობას დიდი ხანია კატეგორიულად უარყოფს.
ამჟამად ყოფილი აგენტი საკუთარ ოჯახთან ერთად სიდნეიში ცხოვრობს. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უსაფრთხოების მიზნით გასაიდუმლოებულია. როგორც თავად აცხადებს, შიშობს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მასზე შესაძლოა, თავდასხმა განხორციელდეს.
ოფიციალურ პეკინს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ავსტრალიის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ახლა ჩინელის საქმეს შესაბამისი უწყებები სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ ვან უილიმა ლიციანი პირველი ჩინელი აგენტია, რომელმაც საკუთარი თავი გამოააშკარავა.