ჩინელი ექიმის გარდაცვალებაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა
ჩინელი ექიმის გარდაცვალებაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა

ჩინური მედიის საშუალებით ექიმ ლი ვენლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა.

გუშინ, ჩინეთის დროით დაახლოებით 10:00 საათზე, ჩინურ სოციალურ მედიაში ექიმის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 10:40 საათზე ჩინეთის წამყვანმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ექიმი გარდაიცვალა. 11:30 საათზე მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაციის თანამშრომლები ექიმის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამდნენ. მოგვიანებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გვერდიდან ეს პოსტი წაიშალა.

12:38 საათზე უხანის ცენტრალურმა საავადმყოფომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ექიმი ცოცხალია, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში. უხანის ცენტრალური საავადმყოფოს განცხადების შემდეგ იმ გამოცემებმა, რომლებმაც მანამდე ექიმის გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, პოსტები წაშალეს.

ამ ყველაფრის პარალელურად ჩინურ სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერდნენ, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არ არის.

დაახლოებით 3:48 საათზე უხანის ცენტრალურმა საავადმყოფომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ექიმი 2:58 საათზე გარდაიცვალა.

ჩინელი ექიმი ლი ვენლიანი, რომელიც კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა, კორონავირუსით გუშინ გარდაიცვალა.