ჩიკაგოში კორონავირუსის გამო მადლიერების დღის აღნიშვნა გადადეს. ქალაქის მერიამ მოუწოდა მოქალაქეებს, დღესასწაულის მიუხედავად, სახლებში დარჩნენ, რადგან ქალაქში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, თუ მოქალაქეები წესებს არ დაემორჩილებიან, წლის ბოლომდე „კოვიდ-19“-ით ქალაქში კიდევ მინიმუმ 1000 ადამიანი დაიღუპება.
ჩიკაგოს მერმა მოუწოდა მოქალაქეებს, განსაკუთრებული მიზეზების გარდა, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ. ასევე არ მიიღონ სტუმრები და გააუქმონ მოგზაურობა. ლორი ლაითფუთის განცხადებით, ამჟამად ჩიკაგოში ყოველდღიურად ვირუსის 1900-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც წინა თვის მონაცემებთან შედარებით სამჯერ მეტია.
მერის გადაწყვეტილებით, ქალაქში ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება. ახალი შეზღუდვები ორშაბათიდან ამოქმედდება.
ჩიკაგო ერთ-ერთი ქალაქია, სადაც კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელების გამო შეზღუდვები გაამკაცრეს. მანამდე ანალოგიური ზომები ხელახლა მიიღეს ნიუ იორკში.