ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივაზე მუშაობა დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდა.
ინფორმაციას პრეზიდენტი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩიჩილაკისა და გურული კალანდობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების საკითხს.
ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელზეც 13 იანვარს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში კალანდის აღნიშვნის დროს ისაუბრა.
ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
„პრეზიდენტთან დეტალურად გავიარეთ, თუ როგორ უნდა მომზადდეს საკითხი. ჩვენ დავიწყეთ კიდეც საჯარო განაცხადის შევსება. ძალიან კარგი ინიციატივაა, ჩვენი იდენტობის კიდევ უფრო კარგად წარმოსაჩენად“- განაცხადა სააგნეტოს ხელმძღვანელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს გააცნო კულტურული მემკვიდრეობის კუთხით როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო დონეზე დაგეგმილი პროექტები.
„სალომე ზურაბიშვილმა სურვილი გამოთქვა, მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში და აღგვითქვა დახმარება, მუდმივად იქნება ამ საკითხების მხარდამჭერი, რომ პროცესები უფრო სწორად და სწრაფად წარიმართოს“,- განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.