გიორგი ტუღუში – პრეზიდენტის ინიციატივას ნარკოდანაშაულზე აბსოლუტურად ვიზიარებ
პრეზიდენტის ინიციატივას ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვიზიარებ,- ეს განცხადება უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა პირველ არხთან შეწყალების წესში პრეზიდენტის ინიციატივით შესული ცვლილებების კომენტირებისას გააკეთა.
როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, პრეზიდენტს სრული უფლება აქვს თავად განსაზღვროს ვის შეიწყალებს.
“პრეზიდენტის ინიციატივას განსაკუთრებით ნარკოტიკულ საშუალებებთან და მასთან დაკავშირებულ დანაშაულთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვიზიარებ. რაც შეეხება იმ საკითხს, როდესაც სამოხელეო და ქონების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზეა საუბარი, აქ ერთადერთ საფრთხეს რასაც ვხედავ ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლოდროინდელი სტატისტიკა უჩვენებს, რომ ამ მიმართულებით დანაშაულის ზრდაა, განსაკუთრებით ქონებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს გზავნილი კარგი არ იქნება თუ აღქმული არასწორად იქნება. ცხადია, მიდგომები რაც უფრო ლიბერალური იქნება, განსაკუთრებით ისეთ დანაშაულთან მიმართებაში, რომელიც ძალადობის შემცველი არ არის ეს მხოლოდ მისასალმებელია”, -განაცხადა ტუღუშმა.