ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა, 1965 წელს დაბადებული ზ.ჩ. პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს სამართალდამცველები ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ე.წ. ცდფ-ის ტერიტორიაზე მომხდარი ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ, რა დროსაც ამავე კომპანიის თანამშრომელმა – ზ.ჩ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, დაკავებული ზ.ჩ. სასამართლოშია გადაყვანილი.
გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.