ჭიათურაში აქციის მონაწილეები ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
ჭიათურაში აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისგან, ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. მათი განცხადებით, საქმე ეხება ნიკა გვარამიას მიერ გაფიცული მაღაროელების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება მათთვის შეურაცხმყოფელია.
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების შესახებ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„ჩვენ რატომ უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე ჰკიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს. მითხარით ახლა, ეს პარადოქსია, თუ ეროვნული უბედურება: სამი დღის წინ, არჩევნებში, ჭიათურის 65%-მა ხმა მისცა ქოცებს და დღეს, იმავე ჭიათურაში ყველაფერი გაჩერებულია. მოსახლეობა (ის 65%) მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფიცვაა. და ჩვენ რატომ უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე ჰკიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს? შარშან ხომ არ მომხდარა? აგერ, სამი დღის წინ, მაშინაც გაფიცული რომ იყვნენ. მეტიც, გაფიცვიდან ავტობუსებით წაიყვანეს და 41 შემოახაზინეს. ხოდა, იმან იზრუნოს და ის წუხდეს, ვისაც საკუთარი, ერთადერთი ნდობის მანდატი გადასცეს, ჩვენ რა შუაში ვართ?“, – წერს ნიკა გვარამია.