ჩერნობილის რადიაციამ იქაური ბაყაყები გაამუქა — ევოლუცია მოქმედებაში #1tvმეცნიერება
ჩერნობილის რადიაციით დაბინძურებულ ეკოსისტემებში, თითქმის მთლად შავი ბაყაყი გაცილებით მეტია, ვიდრე უფრო ღია ფერისები. ახალი კვლევის მიხედვით, ეს გახლავთ ევოლუციის მოქმედების პირდაპირი მაგალითი.
ამ კვლევის მიხედვით დგინდება, რომ აღმოსავლური ხის ბაყაყები (Hyla orientalis), რომლებსაც უფრო მეტი ჰქონდათ კანის გამამუქებელი პიგმენტი მელანინი, უფრო მეტად უნდა გადარჩენოდნენ უკრაინაში 1986 წელს მომხდარ ბირთვულ ინციდენტს, ვიდრე უფრო ღია ფერის მქონენი; შედეგად, დღევანდელ პოპულაციებში უფრო მუქი ბაყაყები ჭარბობენ.
„რადიაციას შეუძლია დააზიანოს ცოცხალ ორგანიზმთა გენეტიკური მასალა და წარმოქმნას არასასურველი მუტაციები. თუმცა, ჩერნობილის კვლევებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა იმის დაფიქსირება, მოახერხა თუ არა რომელიმე სახეობამ შეჰგუებოდა რადიაციასთან ერთად ცხოვრებას. სხვა დამაბინძურებელთა მსგავსად, რადიაცია შეიძლება იყოს ძლიერ შერჩევითი ფაქტორი, ხელს უწყობს ორგანიზმებს მექანიზმებით, რომლებიც მათი გადარჩენის შანსს ზრდის რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ადგილებში“, — წერენ მკვლევრები.
1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორი აფეთქდა და რადიოაქტიური მასალები 30 კილომეტრის რადიუსში მიმოფანტა.
ახალი კვლევის ავტორის, ბიოლოგ პაბლო ბურაკოს განცხადებით, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად 100-ჯერ მეტი ენერგია გამოიყო, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბების შედეგად.
კატასტროფის შემდეგ, ხელისუფლებამ დაბინძურებული ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა და 2700 კვადრატული კილომეტრის ფართობზე შექმნა აკრძალული ზონა. მომდევნო ათწლეულებში, მიტოვებული ზონა ველური ბუნების თავშესაფარი გახდა.
ბურაკოს და მის ჯგუფს სურდათ გაეგოთ, რა გავლენა მოახდინა ბირთვულმა აფეთქებამ იქ ბინადარ ცხოველებზე.
მკვლევრებმა შეისწავლეს რადიოაქტიური დაბინძურების ზონაში მდებარე 12 სხვადასხვა გუბეში ბინადარი 200-ზე მეტი მამრი ბაყაყი; დადგინდა, რომ მათი საშუალოდ 44 პროცენტი უფრო მუქი იყო, ვიდრე ჩერნობილს გარეთ ბინადრები.
„ვითვალისწინებთ ყველა შესაძლო ახსნას იმის შესახებ, თუ რატომ გადარჩნენ აკრძალულ ზონაში აფეთქებისას გამოყოფილი ძლიერი რადიაციისას უფრო მუქი კანის მქონე ბაყაყები“, — ამბობს ბურაკო.
რატომ მუქი კანი? როგორც ჩანს, კანში მელანინის მაღალმა დონემ ბაყაყები რადიაციისგან დაიცვა.
„ცნობილია, რომ მელანინი რადიაციისგან იცავს, იმიტომ, რომ შეუძლია, მექანიკურად აიცილოს უჯრედზე რადიოაქტიური ნაწილაკების პირდაპირი დარტყმის შედეგად თავისუფალი რადიკალების წარმოქმნა“, — აღნიშნავს ბურაკო.
მისივე თქმით, რადიაციას შეუძლია გამოიწვიოს ჟანგვითი სტრესი და დააზიანოს სიცოცხლისთვის გადამწყვეტი სტრუქტურები, მაგალითად, უჯრედის მემბრანა და თვით დნმ-იც კი.
ღია კანის მქონე ბაყაყების უჯრედებს უფრო მაღალი დონით მოხვდა საზიანო რადიაცია, რამაც ისინი უფრო მაღალი მაჩვენებლით დახოცა, ვიდრე მათი მუქი თანამოძმეები. მკვლევართა დასკვნით, აფეთქების შემდეგ, მუქ ბაყაყებს გადარჩენის უფრო მაღალი შანსი ჰქონდათ.
მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს ჭარბი მელანინის პოტენციური უარყოფითი ეფექტები ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ გაჩენილ მუქ ბაყაყებში. დაადგინეს, რომ სხვა სახეობათა მსგავსად, მათ შორის, როგორც გარკვეული ტიპის სოკოებში, მუქი პიგმენტირებული კანის ქონა არ აზიანებს ამფიბიების ზოგად ჯანმრთელობას და სინამდვილეში, რადიაციის იონიზებაში ეხმარება, რაც იონიზებულ მოლეკულებს უჯრედებში შესვლისა და მათი დაზიანების საშუალებას არ აძლევს.
„მელანინის წარმოება მეტაბოლურად შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ ასეთი რამ აღწერილია ფრინველთა რამდენიმე სახეობაშიც. რაც შეეხება ბაყაყებს, როგორც ჩანს, მათში მელანინის პიგმენტის წარმოება არ მოითხოვს რაიმე სახის ფიზიოლოგიურ ხარჯებს“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი პაბლო ბურაკო.
კვლევა Evolutionary Applications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.